Tuesday, May 17, 2011

რას ნიშნავს სიტყვა ეკლესია ...

სიტყვა ეკლესიას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში, ეკლესია აღნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას, კრებულს, რომლებიც განბნეულნი არიან მთლიან დედამიწაზე და მოიცავს მათ, სადაც არ უნდა იყვნენ და რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.
წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი ეკლესიას უწოდებს ქრისტეს სხეულს და ქრისტეს სძალს, რომელიც განწმენდილია წმიდა ნათლისღების წყლით, მორწყულია გამომხსნელის წმიდა სისხლით, საზეიმოდ მორთულია და დაბეჭდილია სულიწმიდის ბეჭდით. ამ ეკლესიის თავი ქრისტეა: ის იმართება სახარების ერთი კანონით, იბრძვის ქრისტეს ერთი ნიშნით და ისწრაფვის ერთი ნეტარი მიზნისაკენ.
მეორედ, ეკლესია არის ღვთის ტაძარი ან სამლოცველო სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან, რათა ადიდონ ღმერთი და ილოცონ მის წინაშე. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალიმში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავის უტყუარობას, ჭეშმარიტების მტკიცებას; აშკარაა, რომ მასში მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია. ჰგავს იგი მოციქულთა დროინდელ ეკლესიას? ჰგავს! და თუკი არის მათ შორის რაიმე განსხვავება, იგი მხოლოდ გარეგნულია და არა არსებითი. ამის გასაგებად მოვიყვანოთ ასეთი  მაგალითი : ადამიანი იცვლება გარეგნულად, ბავშვობაში იგი სხვაა, მოწიფულ ასაკში სხვა და ა. შ. მაგრამ ეს ცვლილება არაა არსებითი. იგი ხომ იმავე პიროვნებად რჩება. ჩვენი ეკლესიაც, მიუხედავად თავისი განვითარებისა, დღეს არსებითად, სულისკვეთებით ისეთივეა, როგორიც იყო თავიდანვე, დასაწყისში. ქრისტიანული ტაძრები უძველესი დროიდანვე ატარებდნენ სხვადასხვა სახელწოდებებს: ეკლესია, ტაძარი, ღვთის სახლი, ბაზილიკები, სამლოცველო სახლები. ქრისტიანები ღვთისმსახურებისათვის პირვლად იყენებდნენ კერძო სახლებს, სახელმწიფოს მიერ დევნისას კატაკომბებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს განსაკუთრებული შენობების აგება. ტაძრები შენდება უფლის რომელიმე დღესასწაულის სახელზე, წმ.სამების სახელზე, ღვთისმშობლის, რომელიმე ისტორიული მოვლენის ან რომელიმე ანგელოზის ან რომელიმე წმონდანის სახელზე. სვიმეონ თესალონიკელი წერს: ყოველი ტაძარი ღმერთს ეძღვნება, ის მისი სახლია და ის სუფევს მასში. ღვთის მონა, რომლის სახელსაც ატარებს ტაძარი მყოფობს მასში, როგორც თავის საცხოვრებელ სახლში, უხილავად იმყოფება იქ სულით, ხშირად მასში განისვენებენ მისი წმიდა ნაწილებიც და ის მოქმედებს ღვთის მადლითა და ძალით.მართლაც,უფალი სუფევს ყველგან თუმცა მისი სახლი ტაძარია ამიტომ,  ვფიქრობ, ყველა მორწმუნე ადამიანისთვის სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებელი ადგილია ტაძარი.
ადამიანმა, მოსეს საშუალებით სანამ მიიღებდა ღვთისაგან რჯულს, აღუმართა მას ტაძრები და სამსხვერპლოები და მათზე მიჰქონდა მსხვერპლი. ყველა ასეთი სამსხვერპლო წმიდა იყო. პირველად აბელმა გააკეთა სამსხვერპლო, თუმცა ეს სამსხვერპლო აშენებული იყო ქვებისაგან, წმიდა იყო და მასზე მიტანილი მსხვერპლი ღვთისათვის ძღვნად თუმცაღა შედგებოდა დაკლული ცხოველებისაგან, აგრეთვე წმიდა იყო, იმიტომ რომ ისინი ღვთისადმი იყვნენ მიძღვნილნი. ბიბლიაში ვკითხულობთ: მიჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს; ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ აღუმართა ღმერთს სამსხვერპლო; აბრაამმა აღმართა სამსხვერპლო, რათა შეეწირა თავისი შვილი ისააკი. უფალმა უთხრა მას: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ .იაკობმა ქვებისაგან გააკეთა სამსხვერპლო, წმიდა ჰყო იგი და იხილა იქ ღმერთი. მაგრამ ყველაზე უდიდესი და დიდმნიშვნელოვანი სამსხვერპლო გააკეთა მოსემ. ეს იყო სკინია, რომელიც ახალი აღთქმის ეკლესიის წინასახე იყო და რომელიც უკეთესად, ვიდრე უწინდელი სამსხვერპლოები წინასწარ გამოსახავდნენ ახალი აღთქმის ყველა საგანსა თუ საიდუმლოს.
სვიმეონ თესალონიკელი ამბობს :ყველაფერი რაც გააკეთა მოსემ სკინიის შიგნით, განსაკუთრებით კი სამსხვერპლო და ტრაპეზი, რომლებიც მოასწავებდნენ ღვთისმშობელს, იწოდებოდნენ წმიდათაწმიდად. ამიტომაც, თუ ვინმე გარდა მღვდლისა, გაბედავდა შეხებოდა ამ საგნებს ან ნივთებს დაიღუპებოდა და კვდებოდა.დღესაც ასე ხდება როდესაც  ტაძარში შევდივართ არ გვაქვს უფლება ყველაფერს შევეხოთ და საკურთხეველზე ასვლის უფლებაც მხოლოდ ერთხელ აქვს ქალს,ჯვრისწერისას.რადგან იქ ყოველივე წმინდაა.
ახალი აღთქმის ეკლესია იყოფა სამ ნაწილად; საკურთხეველი, თვით ტაძარი და სტოა. ახალი აღთქმის ეკლესიის მასწავლებლებმა თავიანთ მღვდელმოქმედებებში შეიტანეს ზოგიერთი ძველ აღთქმისეული წეს-ჩვეულებები. მაგ. სასულიერო პირთა იერარქია, სასულიერო პირთა შესამოსელი; სკინიაში იყო პური, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ხილული და უხილავისაგან, ღვთიურისა და ადამიანურისაგან. ქრისტიანულ ეკლესიაშიც ძველი აღთქმის მისაბაძად სეფისკვერი ორი ნაწილისაგან შედგება: ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებისაგან. თუ ძველ აღთქმისეული სამსხვერპლოები და ყველა ის ნივთი, რომლებიც წინასახენი იყვნენ ნამდვილისა ასეთი წმიდა იყო, მაშინ ჩვენ უმეტესწილად მოწიწებით პატივი უნდა ვსცეთ ახალ აღთქმისეულ ტაძარს და მასში განლაგებულ საგნებსა და ნივთებს.
ყოველ საგანსა და ნივთს, წერს სვიმეონ თესალონიკელი, რომელიც ღვთის სახელზეა მიძღვნილი პატივი უნდა ვსცეთ, როგორც არ უნდა იყოს ის, თიხის, ქვის, ხის, ოქროსა თუ სხვა რაღაცის. ყველაფერი ეს ნაკურთხია ღვთის სახელით და რადგანაც ეს ნივთები ატარებენ ღვთის სახელსა და ბეჭედს, ამიტომაც ვერავინ მისცემს მათ სხვა დანიშნულებას.

No comments:

Post a Comment